“ქინდლის” წყალობით, ჩემი, როგორც მკითხველის ცხოვრებაში, გარდატეხა რომ მოხდებოდა, ადრევე ვიცოდი და იმედი ნამდვილად არ გამცრუებია – კომპაქტურობასა და პრაქტიკულობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ელექტრონულ თაროზე უკვე ისეთ წიგნებს მოვუყარე თავი, სხვაგვარად ხელში ჩაგდება აშკარად რომ გამიჭირდებოდა.
ირინა ხაკამადას “Sex-ი დიდ პოლიტიკაში” რუსეთში რომ პოპულარული იყო, მსმენოდა. ორიოდე ნაწყვეტიც მქონდა წაკითხული, თუმცა თბილისში არსად წავწყდომივარ – აქ სულ სხვა “სექსი” და “უსექსობაა” მოდაში.
თუ ავტორი არ გეცნოთ – მეცნიერი, ბიზნესლედი, პოლიტიკოსი, მემარჯვენე ოპოზიციონერი, რუსეთის სახელმწიფო დუმის სამგზის დეპუტატი და ვიცე-სპიკერი, მთავრობის წევრი და პრეზიდენტობის კანდიდატიც კი გახლდათ. ხმამაღალი რეგალიების მიღმა კი დახვეწილი ინტელექტუალი და ქარიზმატული ქალბატონია.
ათწლეულების წინ, საბჭოთა კავშირში ემიგრირებული იაპონელი კომუნისტის შვილს “წითელი იდეოლოგიისგან” თავი შორს უჭირავს, “ველიკოდერჟავული” იდეებით შეპყრობილი ფსიქოპათების ფონზე თეთრი ყვავივით გამოირჩევა და, როგორც აღმოჩნდა, კალამიც მშვენივრად უჭრის.
უშუალო იუმორით შეზავებული წიგნის სათაურიც კი გონებამახვილურად არის შერჩეული. ლათინური ასოებით დაწერილი, მაცდუნებელი “Sex”-ი, სინამდვილეში, პროზაული “სქესია”. აქ ვერც პიკანტურ წიაღსვლებს შეხვდებით და ვერც სკანდალურ დეტალებს – ავტორი დიდ პოლიტიკაში ქალთა თვითდამკვიდრების აპრობირებულ მეთოდებზე გვიყვება.
“მასტერკლასი აქტიური ქალებისათვის” ყოველგვარი დიდაქტიკისგან თავისუფალი ჩანაწერების კრებულია. მსუბუქ და ემოციურ, კურიოზებით და ანეკდოტებისთვის შესაფერი რეალური სიტუაციებით სავსე წიგნში ყველაზე მეტად თვითირონიის მაღალი ხარისხი მხიბლავს.
მემუარული ყაიდის ლიტერატურა, როგორც წესი, ოდნავ მოსაწყენია ხოლმე, მაგრამ, ქალბატონი ხაკამადას იუმორის გრძნობის წყალობით, მოსკოვსა და ბრიუსელში, დავოსში და ტოკიოში, ყალმუხეთის სოფლებში და მალაიზიის ჯუნგლებში თავს გადახდენილი ისტორიები ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
ამბობენ, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო. ამიტომ, დაინტერესებული მკითხველისთვის, პოსტის ბოლოს, შესაბამის ბმულსაც მივუთითებ და მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ჭკვიანი ქალი ყველგან ივარგებს: სამზარეულოშიც, საძინებელშიც და პოლიტიკაშიც.
ირინა ხაკამადა. Sex-ი დიდ პოლიტიკაში
Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: გენდერი, თანამედროვე რუსული ლიტერატურა, ირინა ხაკამადა, მასტერკლასი აქტიური ქალებისათვის, მემარჯვენეები, მემუარები, მოლის ბიბლიოთეკა, პოლიტიკა, პროზა, რუსეთი, სექს-ი დიდ პოლიტიკაში, სქესი, ქინდლი, non fiction
